საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს.
როგორც ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის დაწყებამდე კოჟორიძემ განუცხადა, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭიროა საბჭოს წევრთა რაოდენობის ორი მესამედი.
"გადაწყვეტილება მიიღო ცხრა წევრმა, ორი მესამედი კი არის ათი წევრი. აქედან გამომდინარე, მათ არ ჰქონდათ ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება. აქ არა მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაზე შეიძლება საუბარი, არამედ, შესაძლოა ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს", - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.
შეხვედრის დაწყებამდე საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ ჯგუფი ორ სარჩელს ამზადებს. კიდევ ერთ სარჩელს ამზადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.
საინიციატივო ჯგუფის ერთი სარჩელი არის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, ერთი სარჩელი კი, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი ჩართოლანი აცხადებს, შეეხება მის მიმართ სამეურვეო საბჭოს წევრის შეურაცხყოფას.
რაც შეეხება გიორგი ბარათაშვილს, ის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ის თანამდებობიდან გათავისუფლდა.