საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქართველ მეცნიერ გია დვალს წერილით მიმართავს. წერილი "ფეისბუქში", პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"ჩემო გია, მოგიკითხავ დიდი სიყვარულით. პირველყოვლისა მინდა, გითხრა მადლობა პირადად შენ და მთელ თქვენ გუნდს, იმ სამუშაოსთვის, რომელიც ამ ოთხ თვეში შესრულდა. თქვენ ახერხებდით, არა მხოლოდ კონცეფტუალურ მუშაობას, არამედ აქტიურნი იყავით მედიაში და საზოგადო განხილვებში - ეს ის სწორი გზაა, როგორც იწყება და ხორციელდება ჭეშმარიტი რეფორმები. დღეს, როგორც შენ მომწერე, კონცეფტუალურ დოკუმენტზე მუშაობა ფაქტიურად დასრულებულია, ჩამოყალიბებულია ძირითადი ხედვა და დაუყოვნებლივ დასაწყებია რეფორმების პროცესი. შესანიშნავია.
სრულიად გეთანხმები, რომ ფორმალობები და საკანცელარიო რეგისტრაცია მეორეხარისხოვანია, როდესაც სახეზეა ენთუზიაზმი და რეალური საქმე. შენ და შენმა გუნდმა ოთხი თვე სრულიად უანგაროდ იმუშავეთ, შექმენით დოკუმენტი, ჩართეთ მის განხილვაში საზოგადოება - ესაა მთავარი.
შენი წერილის შემდეგ, მე ვესაუბრე გიორგი მარგველაშვილს. მან დამიდასტურა, რომ მთლიანად ეთანხმება შენი კონცეფციის პრინციპებს. ასევე მითხრა, რომ საზოგადოებაში შენი კონცეფციის ალტერნატიული რაიმე სერიოზული შეხედულება არ განხილულა. ამის საფუძველზე მე დავავალე მას რეფორმის დაუყოვნებელი დაწყება.
ჩემო გია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უანგარო სამსახურისთვის, იმედი მაქვს მალე გნახავ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუყოვნებლივ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს შენი იდეების განსახორციელებლად. მეც და გიორგისაც იმედი გვაქვს, რომ კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებ სამინისტროსთან და მეც, ბუნებრივია, მიგულეთ თქვენს გვერდით",-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წერილში.