საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფი სამეურვეო საბჭოს გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნინო ზაუტაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გადადგომის მოთხოვნა იმას უკავშირდება, რომ საბჭო არაკვალიფიციურია.
"საბჭო ვერ ასაბუთებს, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება 4 მარტს გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, შევიტანთ სასამართლოში სარჩელს. ასევე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, რომ მოგვისმინოს საინიციატივო ჯგუფს იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაა ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში", - განაცხადა ზაუტაშვილმა.
მისივე თქმით, მათი პროტესტი მხოლოდ სამართლებრივი იქნება.
"არანაირი გაფიცვა, ან მსგავსი რამ საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იგეგმება და არ იქნება. აქ უამრავი ადამიანი მუშაობს, შესაბამისად მუშაობა გაგრძელდება, თუმცა ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფის წევრთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.