თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელობისას საკუთარი თავისთვის პრემია არასოდეს გამოუწერია.
ასე პასუხობს დიმიტრი შაშკინი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის Mმიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას.
ამასთან, მისივე განმარტებით, თავდაცვის მინისტრს და გაერთიანებული შტაბის უფროსს აქვს უფლება გასცეს პრემიები თავდაცვის სამინისტროს წარმატებულ თანამშრომლებზე.
"ჩვენ უფლება გვქონდა გაგვეცა პრემიები იმ თანამშრომლებზე, რომლებიც კარგად მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროში, ასევე კანონიერია ის, რომ სტიმულისთვის დაჯილდოვდნენ იარაღით. თუმცა, პირადად მე როგორც მახსოვს, ერთხელ გამოვიყენე ეს უფლება და სისტემის სულ 42 თანამშრომელი მყავს იარაღით დაჯილოდოებული. თუმცა მერწმუნეთ, კომპიუტერის ჩუქება უფრო ძვირად ღირებული სიამოვნებაა, რასაცა განათლების მინისტრობის დროს მივმართავდი ხოლმე", - აღნიშნა შაშკინმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, თავდაცვის მინისტრად დანიშვნისას, როგორც ბიუჯეტთან, ისე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა გაუჩნდა, თუმცა წინამორბედი ბაჩო ახალაიასგან ამომწურავი პასუხი მიიღო.
"თავდაცვის მინისტრად მხოლოდ სამი თვე ვმუშაობდი და ბუნებრივია არ მქონდა დრო, ეს სისტემა ბოლომდე შემესწავლა. თუმცა გარკვეული დეფიციტი დამხვდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, რაზეც ბაჩო ახალაიას შეკითხვა დავუსვი და მისგან მივიღე პასუხი, რომელმაც დამაკმაყოფილა. როგორც მან განმარტა, ეს იყო განპირობებული არა იმით, რომ ფული ვიღაცამ წაიღო, არამედ იმით, რომ სამინისტროს მიერ მეტი ვალდებულება ჰქონდა აღებული ვიდრე ბიუჯეტი გახლდათ", - დასძინა დიმიტრი შაშკინმა.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალას, რომლის მიხედვითაც, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ფეშენებელური აპარტამენტებითა და ძვირადღირებული ავტომანქანებით სარგებლობდა, შაშკინის განმარტებით თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას მას "ასეთი ოთახები არ უნახავს".