დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მისი სასჯელაღსრულების მინისტრობისას ციხეებში მხოლოდ გადატვირთულობის პრობლემა არსებობდა.
"როცა მე სასჯელღასრულების მინისტრი ვიყავი ომბუდსმენი იყო სოზარ სუბარი, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრული ურთიერთობა არ გვქონდა, ციხეებში სისტემური დარღვევები და ისეთი ფაქტები, რომლის შესახებაც კადრები გავრცელდა, არ ფიქსირდებოდა. ჩემი მინისტრობის დროს გამოქვეყნდა ორი მონიტორინგის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ პრობლემები იყო, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი წარმაოდგენდა გადატვირთულობას", - განაცხადა საქართველოში დაბრუნებულმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.
მისივე განმარტებით, ციხეებში პატიმართა წამებისა და არადამიანური მოპყრობის შესახებ სექტემბერში გავრცელებული კადრები მისთვისაც "ადამიანური კატასტროფა იყო".
"თუ ვინმეს რამე ინფორმაცია აქვს, რომ ჩემი სასჯელაღსრულების მინისტრობის დროსაც ხდებოდა ციხეებში ასეთი რამ, მე მზად ვარ გავცე ყველა ბრალდებას პასუხი", - აღნიშნა შაშკინმა.
რაც შეეხება ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი მთავრობის მიერ აღმოჩენილ მოსასმენ აპარატურას, შაშკინის თქმით, ქსნის ციხე მისი მინისტრობის შემდეგ აშენდა და აქედან გამომდინარე მასზე პასუხს ვერ აგებს.
"ის რომ მოსასმენი აპარატურა იქნა გამოყენებული არის ლოგიკური და კანონიერი, თუ იყო სასამართლოს ნებართვა. მაგრამ არსებობდა თუ არა ეს ნებართვა, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, რადგან ქსნის ციხე ჩემი მინისტრობის შემდეგ აშენდა", - აღნიშნა შაშკინმა.