შს სამინისტროს პრესსმსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დღეს დიდი ბრიტანეთის საელჩოში მიიტანა.
როგორც გურამ დონაძემ განაცხადა, წერილით მიმართავს ბრიტანეთის საელჩოს და სთხოვს რომ აღნიშნული ვიდეომასალა სკოტლანდ იარდს გადაუგზავნოს ექსპერტიზაზე. დონაძე აცხადებს, რომ ენდობა სკოტლანდ იარდის საექსპერტო ბიუროებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ კითხვებზე სკოტლანდ იარდის საექსპერტო ბიუროები გასცემენ ადეკვატურ პასუხს. ვენდობი მათ შენიშვნებს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ზუსტი პასუხები - იარაღის გასროლიდან იარაღის პოვნამდე და ბუტა რობაქიძის გარდაცვალებამდე, არის თუ არა მასალა უწყვეტი", - განაცხადა დონაძემ.
მისივე თქმით, დღეს ვიდეომასალასთან დაკავშირებით დანართის სახით საელჩოს კითხვებსაც გადასცემს. როგორც დონაძე აღნიშნავს, მას აქვს 16 შეკითხვა ამ მასალასთან დაკავშირებით.
დღესვე გურამ დონაძემ ჟურნალისტებს კახა აზარიაშვილის განცხადება გადასცა, რომელიც მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მეგობარია. როგორც დონაძე აცხადებს, აღნიშნული განცხადებით აზარიაშვილმა თბილისის პროკურატურას მიმართა 2006 წლის 14 ოქტომბერს, რომელშიც წერს, რომ მანქანაში ედო მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხელახალ დაკითხვას მოითხოვდა.
როგორც დონაძე აცხადებს, კახა აზარიაშვილის განცხადება მან ბუტა რობაქიძის საქმის ძველ ტომებში აღმოაჩინა, თუმცა ეს ახალ მასალაში არ არის. გარდა ამისა, დონაძე აცხადებს რომ შემდეგ კვირას ვიდეომასალასთან დაკავშირებით, კიდევ ახალ გარემოებებს გაავრცელებს.
დღესვე გურამ დონაძემ ჟურნალისტებს პატრულის თანამშრომლის დავით აბუაშვილის ჩვენებიდან ამონარიდი ასლი გადასცა, რომელშიც აბუაშვილი განმარტავს მიზეზს, რატომ იმ მანქანის დაკავებაზე გადაცემა, რომელშიც იჯდა ბუტა რობაქიძე.
ამ დოკუმენტის მიხედვით, აბუაშვილი აცხადებს, რომ გამოიძახეს დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც დაზარალებული გადაჰყავდა.
"იქ შეკრებილმა პირებმა გვითხრეს, რომ მოხდა ცემის ფაქტი, გაჩერდა შინდისფერი BMW ნომრით AEB-710, იქიდან გადმოვიდა რამდენიმე ბიჭი და სცემეს ახალგაზრდა. როგორც საავადმყოფოში შევიტყვე ის ახალგაზრდა, თავისი თქმით, არის პაატა არდანიანი. ზემოთ აღნიშნული BMW გადავეცით დაკავებაზე და ჩვენ გავაგრძელეთ ტერიტორიაზე პატრულირება. ღამით, შემოვლის დროს, დაახლოებით 02:30 საათზე, ზემოთ აღნიშნული მანქანა შევნიშნეთ წერეთლის გამზირისა და გვეტაძის ქუჩის გადაკვეთაზე", - წერს აბუაშვილი ჩვენებაში, რომელიც დონაძემ ჟურნალისტებს გადასცა.
როგორც დონაძე განმარტავს, ეს ჩვენება მან ასევე ბუტა რობაქიძის საქმის მასალების ძველ ტომებში აღმოაჩინა.