ჩვენება 2011 წლის პერიოდს ეხება, როცა იგი იურიდიულ ფირმა „ბი ჯი აი ლეგალ“-ში ადვოკატად მუშაობდა. გიორგი ყავლაშვილის ჩვენება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების საქმეს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესწავლით გაირკვა, რომ 2011-2012 წლებში მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული ბიზნესმენებისთვის ამორტიზებული და გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების იძულებით შეძენის გზით დიდი ოდენობით თანხების გამოძალვას.
პროკურატურის გამოქვეყნებულ ჩვენებაში ყავლაშვილი ამბობს, რომ 2011 წლის მას ნაცნობი ბიზნესმენი ილია კოკაია დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის შვილს ნინო კოკაიას თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, რის გამოც დაკავებული იყო და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. კოკაიამ ასევე განუცხადა, რომ მისი აზრით, პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებდა საქმეზე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღებას. ადვოკატი რეგულარულად კონტაქტობდა ზედამხედველ პროკურორთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურატურა თავს იკავებდა მისი შვილის პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. ბიზნესმენმა ყავლაშვილს სთხოვა გაერკვია რას ითხოვდა მისგან პროკურატურა, დროულად გადაწყვეტილიყო მისი ქალიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი. ყავლაშვილი საკითხის გასარკვევად მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას შეხვდა, რომელიც დაპირდა, რომ საკითხს აუცილებლად გადაწყვეტდნენ, თუმცა ამას ექვს ნულიანი ციფრის ოდენობის თანხა დასჭირდებოდა, რომლის ზუსტ ოდენობას იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმების შემდეგ შეატყობინებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ნინო კოკაიას ინტერსების დაცმველს შეატყობინეს, რომ საპროცესო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ 5 000 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში. ყავლაშვილი აცხადებს, რომ დეტალების გარკვევისას მას მურთაზ ზოდელავამ უთხრა, რომ აღნიშნული თანხიდან 3 000 000 აშშ დოლარად ილია კოკაიას ახალციხის მუნიციპალიტეტში უნდა შეეძინა გარკვეული ობიექტი, ხოლო დანარჩენი 2 000 000 აშშ დოლარი უნდა გადაერიცხა კახეთის მუნიციპალური განვითარების ფონდში. საბოლოოდ, მან 4 მლნ 949 500 ლარად, აუქციონის წესით შეიძინა სოფელ აწყურში მდებარე ფერმა შპ. „ჯორჯიან ინვენსტმენტი“-ს სახელით. ყვალაშვილის თქმით, მას მობილუზე დაუკავშირდა კახეთის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და უთხრა, რომ მისი წარმომადგენლები ელექტრონული ფოსტაზე, მიაწვდიდნენ კახეთის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის შესაბამის ანგარიშის ნომრებს, რომელზედაც ილია კოკაიას უნდა შეეტანა 2 000 000 აშშ დოლარი . კოკაიამ თანხა გადაიხადა. 2013 წლის იანვარში მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ილია კოკაიას საჩივარი აქვს შეტანილი მთავარ პროკურატურაში, სადაც 5 000 000 აშშ დოლარის გადახდას ზემოთხსენებული მიზნების მისაღწევად გამოძალვად მიიჩნევს.
ყავლაშვილი მეორე საქმეზეც ყვება, რომელშიც მთავარი პროკურორის მაშინდელი მოადგილე დავით საყვარელიძე ფიგურირებს. მისი თქმით, დაახლოებით მსგავსი სცენარით გამოსძალეს 1 000 000 მლნ აშშ დოლარი ისრაელის მოქალაქეს ეფრაიმ გურს, რომლის შვილიც მკვლელობის მომზადებისთვის იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ყავლაშვილი ამბობს, რომ მან ეფრაიმ გური მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან დავით საყვარელიძესთან შეახვედრა, რომელთანაც ეფრაიმ გურმა დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ მზად იყო საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა გარკვეული თანხა. „2010 წელს მთავარი პროკურატურის შენობაში შეხვედრა მქონდა ს.ო.დ.-ის საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან, რომელმაც მაცნობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში 1 000 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო რონენ გურის მიმართ საქმის შეწყვეტა, რაც ვაცნობე ეფრაიმს“, - ამბობს ყავლაშვილი, რომლისთვისაც მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ თანხით გურს უნდა შეეძინა ობიექტები ახალციხისა და მცხეთის რაიონებში.
დავით საყვარელიძე საქმის გასარკვევად დღეს პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა იგი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და პროკურატურის წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებს.