ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ საქართველოს მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსთავის მოსახლეობისათვის 300 ლარიანი ვაუჩერების დარიგებისკენ და აღნიშნა, რომ ფინასთა სამინსტრო იტყუება.
"მთავრობა ძალიან შეეჩვია, ანეგდოტებითა და აფორიზმებით ესაუბროს ჩვენს მოსახლეობას და ეს ის შემთხვევაა, როდესაც მართლაც "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს", – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ქვემო ქართლის გუბერნატორმა განაცხადა, სახელმწიფო კანცელარიაში 20 ათასი რუსთველის ხელმოწერა ჩააბარა და 4 მარტს ფინანსთა სამინისტროდან მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის მიერ ხელმოწერილი პასუხი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტში რუსთავის მოსახლეობისთვის 300-ლარიანი ვაუჩერების თანხები გათვალისწინებული არ არის, აქედან გამომდინარე ფინანსთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს გუბერნატორის ინიციატივა.
ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, აღნიშნული წერილის მიღების შემდეგ 5 მარტს გავრცელდა ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადება, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება და თავისუფალი სახსრების სახით 800 მილიონ ლაზე მეტია.
"ეს ის შემთხვევაა, როცა ეს ოფიციალური წერილია ტყუილი და უარი დაუსაბუთებელია ან ფინანსთა მინისტრი ტყუის, როცა აცხადებს ამას. მე ვერ წარმომიდგენია და არ არსებობს არავითარი ბარიერი, თუ მართლა საქართველოს ბიუჯეტში არის 800 მილიონი თავისუფალი სახსრები, რა უდგას მას წინ, რომ რუსთავის მოსახლეობას, რომელსაც ესოდენ ესაჭიროება მთავრობის მხრიდან დახმარება, დაურიგდეს", - განაცხადა კირკიტაძემ.
მისივე თქმით, ის აპირებს, ფინანსთა სამინისტროდან გამოგზავნილი წერილი თითოეულ რუსთაველს გაუგზავნოს, თან დაურთოს ნოდარ ხადურის განცხადებაც, იმის შესახებ, რომ მას ბიუჯეტში აქვს თავისუფალი 800 მილიონი და თავად რუსთავის მოსახლეობამ გადაწყვიტოს შემდგომში, რა გზებითა და მეთოდებით დაიწყებს ბრძოლას თავისი კანონიერი უფლებებისათვის - მიიღოს დახმარება.