მთავარი პროკურატურა ყოფილი ხელისუფლების მიერ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტ, ბიზნესმენ ილია კოკაიასთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე მოწმის , ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის ჩვენებას ავრცელებს.
უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ჩვენებაში, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი იმ სქემის შესახებ ყვება, რომლითაც კოკაიას ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში რამდენიმე ათას ლარად შეფასებული ფერმა 3 მილიონ დოლარად შეაძენინეს. ყავლაშვილის ჩვენებაში ყოფილი მაღალჩინოსნების, მურთაზ ზოდელავას, ზურაბ ადეიშვილის, გიორგი ღვინიაშვილისა და სხვების გვარები ფიგურირებს
"ინტერპრესნიუსი" ადვოკატის ჩვენებას უცვლელად გთავაზობთ: "2000 წლიდან ვეწევი საადვოკატო პრაქტიკას, ამჟამად ვარ შ.პ.ს. "იურიდიული ოფისი"-ს დირექტორი. 2011 წელში ვმუშაობდი იურიდიულ ფირმაში "ბი ჯი აი ლეგალ"-ში ადვოკატად.
2011 წლის ივნისის თვეში (ზუსტი თარიღი არ მახსოვს) მე დამიკავშირდა ჩემი ნაცნობი, ბიზნესმენი ილია კოკაია და მითხრა, რომ მის შვილს ნინო კოკაიას თბილისში შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც დაკავებული იყო და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. ილიამ აქვე განმიცხადა, რომ მის შვილს იცავდა ადვოკატი მაია სირაძე. ილიას გადმოცემით, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებდა მისი შვილის საქმეზე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღებას, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებული მხარე პრეტენზიას არ აცხადებდა, ამასთანავე განმიმარტა, რომ მაია სირაძე რეგულარულად კონტაქტობდა ზედამხედველ პროკურორთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურატურა თავს იკავებდა მისი შვილის პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. ვინაიდან გამაჩნდა გარკვეული საქმიანი კონტაქტები პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან, მთხოვა, რომ მოკლე დროში გამერკვია თუ რას ითხოვდა პროკურატურა მისგან, რათა დროულად გადაწყვეტილიყო მისი ქალიშვილის პატიმრობიდან განთავისუფლების საკითხი. მოცემული საუბრიდან მეორე დღესვე მთავარ პროკურატურაში შევხვდი მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას. მას ვუთახარი, რომ წარმოვადგენდი ილია კოკაიას ქალიშვილის ინტერესებს და გადავეცი ილიას თხოვნა, რომ საკითხი გადაეწყვიტად დროულად და შეეტყობინებინათ მისთვის, თუ რა ოდენობის ჯარიმაზე იქნებოდა საუბარი. მურთაზ ზოდელავამ მიპასუხა, რომ საკითხს აუცილებლად გადაუწყვეტდნენ, თუმცა საუბარი იქნებოდა ექვს ნულიან ციფრზე, რომლის ზუსტ ოდენობასაც შეგვატყობინებდა იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმების შემდეგ. ზოდელავას სამუშაო ოთახიდან გამოსვლისთანავე მისი ნათქვამი შევატყობინე ილია კოკაიას. ამ საუბრიდან რამოდენიმე დღეში ილია კოკაიამ მითხრა, რომ ნინო კოკაიას ადვოკატს მაია სირაძეს დაუკავშირდნენ თბილისის პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ნინო კოკაიასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ 5 000 000 (ხუთიმილიონი) აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში და პროკურატურა ელოდა ილიასგან პასუხს აღნიშნულ წინადადებაზე. ამ საუბარში ილიამ ასევე მითხრა, რომ პროკურატურასთან ვაჭრობას მისი მხრიდან აზრი არ ჰქონდა, შეიძლება უარესად გართულებოდა სიტუაცია და დამავალა თანხმობა გადამეცა პროკურატურისთვის. მანვე განმიცხადა, რომ სჭირდებოდა რამდენიმე დღე თანხის მობილიზაციისთვის და მანამდე გამერკვია, რა ანგარიშის ნომერზე უნდა მომხდარიყო თანხის გადარიცხვა. აღნიშნული საუბრიდან დაახლოებით ორ დღეში მე ქ. თბილისის პროკურატურის შენობაში მივედი ანგარიშის ნომრის ასაღებად და შევხვდი საქმის ზედამხედველ პროკურორს. მან განმიცხადა, რომ დასახელებული თანხა ჯარიმის სახით არ უნდა გადახდილიყო და მითხრა, რომ დეტალები თვითონ უნდა გამერკვია ხელმძღვანელობასთან. მე მაშინვე ჩემი მობილური ტელეფონით დავუკავშირდი მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მობილურ ტელეფონის ნომერზე და ვუთხარი, რომ ილია კოკაია თანახმა იყო დასახელებული თანხის გადახდაზე და ვკითხე სად უნდა გადაგვეხადა თანხა. მურთაზმა მითხრა, რომ აღნიშნული თანხიდან 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარად ილია კოკაიას ახალციხის მუნიციპალიტეტში უნდა შეეძინა გარკვეული ობიექტი, ხოლო დანარჩენი 2 000 000 (ორიმილიონი) აშშ დოლარი უნდა გადაერიცხა კახეთის მუნიციპალური განვითარების ფონდში, რის შესახებაც მე დამიკავშირდებოდნენ როგორც ახალციხის, ასევე კახეთის გუბერნიებიდან. საუბრის დასრულების შემდეგ მე ტელეფონით დავუკავშირდი ილია კოკაიას ( როგორც მახსოვს მოცემულ დღეს ილია კოკაია იმყოფებოდა უცხოეთში) და შევატყობინე მურთაზ ზოდელავასთან საუბრის შინაარსი. იმავე ან მომდევნო დღეს ტელეფონზე დამიკავშირდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე მინდია დევნოსაძე მობილური ტელეფონის ნომრიდან და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე მობილური ტელეფონის ნომრიდან . დასახელებულ პირებს მე გავეცანი და ვუთხარი, რომ ვიყავი ბიზნესმენ ილია კოკაიას წარმომადგენელი და ალბათ ისინი საქმის კურსში იყვნენ, რომ ილია კოკაია აპირებდა 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ქონების შეძენას მათ რაიონში. აღნიშნულმა პირებმა დამიდასტურეს, რომ მათთვის ცნობილი იყო ამის თაობაზე და მომცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის, ვინმე თენგიზ ზედგენიძის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც გამარკვევდა შესაძენი ობიექტის აუქციონის დეტალებში. როგორც მახსოვს მე დავუკავშირდი თენგიზ ზედგენიძეს, რომელიც საქმის კურსში იყო ბიზნესმენ ილია კოკაიას მხრიდან შესაძენ ქონებასთან დაკავშირებით 3 000 000 დოლარის ოდენობით გადახდის შესახებ. თენგიზმა მითხრა, რომ შესაძენი ობიექტი მდებარეობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში და წარმოადგენდა ფერმას. ამასთანავე მითხრა, რომ მოგვევლინა წარმომადგენელი რომელსაც გაარკვევდა დეტალებში და მიაღებინებდა მონაწილეობას აუქციონში.
მე აღნიშნულის თაობაზე ვაცნობე ილია კოკაიას და ვუთხარი, რომ გამოეყო წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, თან შევატყობინე ანგარიშის რეკვიზიტები. ილიამ მთხოვა, რომ წარმომადგენლად მიმევლინა ჩემი თანამშრომელი და აქვე მითხრა, რომ რამოდენიმე დღეში გადაიხდიდა თანხას და ქვითრები შემეძლო ამეღო მასთან, ქ. თბილისში მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონი"-ს ოფისში. მოცემული ქონების შესაძენად მე გამოვყავი ჩემი თანამშრომელი მირდატ ქამადაძე, რომელიც ჩემთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად აგვარებდა ყველა ტექნიკურ საკითხს და საბოლოოდ 4 მილიონ 949 500 ლარად, აუქციონის წესით შეიძინა კიდევაც სოფელ აწყურში მდებარე ფერმა შ.პ.ს. "ჯორჯიან ინვენსტმენტი"-ს სახელით. ახალციხის გამგეობის თანამშრომლებთან საუბრიდან რამოდენიმე დღეში, ჩემი მობილური ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდა კახეთის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და მითხრა, რომ მისი წარმომადგენლები (თუ ვინ არ მახსოვს) ელექტრონული ფოსტაზე, მომაწვდიდნენ კახეთის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის შესაბამის ანგარიშის ნომრებს, რომელზედაც ილია კოკაიას უნდა შეეტანა 2 000 000 აშშ დოლარი .რამოდენიმე დღეში მე მართლაც მივიღე აღნიშნული რეკვიზიტები, რომელიც შემდგომ მივაწოდე ილია კოკაიას. ილია კოკაიამ კი თავის მხრივ რომელიღაც ფირმის სახელით შეიტანა დასახელებული თანხა. 5 000 000 აშშ დოლარის გადახდის ქვითრები მე მომაწოდა ილია კოკაიამ, რომლებიც როგორც მახსოვს შემდგომ ან მე ან მაია სირაძემ მივაწოდეთ საქმის ზედამხედველ პროკურორს . მოცემული გადარიცხვებიდან რამოდენიმე დღეში პროკურატურის მხრიდან გამოჩენილი იქნა მართლაც კეთილი ნება და ბრალდებულ ნინო კოკაიასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის შედეგადაც მას ძირითად სასჯელად დაუდგინდა პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
მურათაზ ზოდელავამ ერთი კი მითხრა, რომ თუ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა სურდა ნინო კოკაიას, ზემოხსენებული პირობა უნდა შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე არსებითად განსახილველად წარიმართებოდა სასამართლიში და დადგენილი წესით მიესჯებოდა რეალური სასჯელი.
აქვე მინდა მოვახსენო გამოძიებას, რომ 2013 წლის იანვრის თვეში მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ილია კოკაიას საჩივარი აქვს შეტანილი მთავარ პროკურატურაში, სადაც თავისი მხრიდან 5 000 000 აშშ დოლარის გადახდას ზემოთხსენებული მიზნების მისაღწევად მიიჩნევს გამოძალვად.
დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მას შემდეგ რაც მირდატ ქამადაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, შ.პ.ს. "ჯორჯიან ინვესტმენტის" სახელით შეიძინა ყოფილი მეცხოველეობის ფერმა, ჩემთვის და ილია კოკაიასთვის გახდა ცნობილი, რომ მოცემული ობიექტის რეალური ღირებულება შეადგენდა რამოდენიმე ათას ლარს და არა 5 000 000 ლარს, თუმცა თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ აუქციონზე შესაძენი ქონება იქნებოდა გაცილებით დაბალ ფასიანი ვიდრე ილია კოკაია იხდიდა.
დამატებით მოგახსენებთ, რომ მსგავსი სცენარით, 1 000 000 (მილიონი) აშშ დოლარი გამოსძალეს ისრაელის მოქალაქეს ეფრაიმ გურს. კერძოდ, 2010 წელს ეფრაიმ გურის შვილი რონენ გური თავის მამიდაშვილთან შიმონ შაშუაშვილთან ერთად, შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ს.ს.კ-ის 18-108-ე მუხლით (მკვლელობის მომზადება). მოცემულ ბრალდების საქმეზე მე ვიცავდი რონენ გურს, რომელიც იმ დროისათვის იყო მიმალვაში. მე საქმიანი ურთიერთობა მქონდა მის მამასთან ეფრაიმ გურთან, რომელიც თვლიდა, რომ მისი შვილი იყო უდანაშაულო და სურდა მის მიმართ საქმის შეწყვეტის მიღწევა. ამ მიზნით მეც და ეფრაიმიც რეგულარულად, სიტყვიერი თუ წერილობითი ფორმით ვშუამდგომლობდით პროკურატურაში საქმის შეწყვეტაზე. ერთხელ შეხვედრაც კი მოვუხერხე ეფრაიმ გურს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან დავით საყვარელიძესთან, რომელთანაც ეფრაიმ გურმა დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ მზად იყო საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა გარკვეული თანხა. 2010 წელს (ზუსტი თარიღი არ მახსოვს) მთავარი პროკურატურის შენობაში შეხვედრა მქონდა ს.ო.დ.-ის საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან, რომელმაც მაცნობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში 1 000 000 (მილიონი) აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო რონენ გურის მიმართ საქმის შეწყვეტა, რაც ვაცნობე ეფრაიმს. ეფრაიმს თანხა ეძვირა, თუმცა მე ვაცნობე პროკურატურის პოზიცია, რომ ეს იყო საბოლოო წინადადება, რის გამოც იგი დათანხმდა ამ წინადადებას. ამის შემდეგ ს.ო.დ-ის საპროცესო ზედამხედველი პროკურორისაგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ამ თანხით ეფრაიმ გურს უნდა შეეძინა ობიექტები ახალციხისა და მცხეთის რაიონებში. პროკურორი მე დამიკავშირდა და მაცნობა ჩასატარებელი აუქციონების თაობაზე და მომცა საკონტაქტო პირების მონაცემები, რომლებიც გასული დროის გამო არ მახსოვს. აღნიშნულის თაობაზე მე ვაცნობე ეფრაიმს და ვუთხარი, რომ საჭირო იყო წარმომადგენლის გამოყოფა აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად. ეფრაიმ გურმა დამაკავშირა მისივე ნდობით აღჭურვილ პირს გიორგი ჩხეიძეს და მითხრა მისთვის გადამეცა აუქციობის მონაცემები და ყველა საჭირო რეკვიზიტები. მე მოვიქეცი ეფრაიმის დავალების შესაბამისად. ჩატარებული აუქციონების შემდეგ (თარიღი ზუსტად არ მახსოვს) მე პერიოდულად ვაცნობებდი პროკურატურას აუქციონების ჩატარებისა და თანხის გადახდის შესახებ, როგორც მახსოვს სამსახურში თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვთრებიც მივუტანე, რომელიც გადმომცა გიორგი ჩხეიძემ. აღმიშნულის შემდეგ, კერძოდ კი 2011 წელში მართლაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება რონენ გურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო შიმონ შაშუაშვილს კი მიუსაჯეს მაღალი რეალური სასჯელი.
დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ თუ კონკრეტულად რა ობიექტების შეძენა მოითხოვა პროკურატურამ და რა თანხებში არ მახსოვს, ამას არც ვანიჭებდით დიდ მნიშვნელობას, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავით და ცხადი იყო, რომ ობიექტები არარეალურად მაღალ ფასში იქნა შეძენილი", - აცხადებს ყავლაშვილი.