სამაუწყებლო კომპანია ,,თრიალეთმა” 2013 წლის 1 მარტიდან მე-9 არხის საინფორმაციო გამოშვებების და პოლიტიკური თოქშოუების ტრანსლაცია შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია არხის გენერალურმა დირექტორმა ჯონი ნანეტაშვილმა დაგვიდასტურა. მისი განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში არხთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გავიდა და, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე შეწყდა ტრასნლაცია.
,,თუ რამე დამატებითი ინფორმაცია გაინტერესებთ, წერილობით მოგვამრთეთ და გაგცემთ სრულყოფილ პასუხის” – განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ჯონი ნანეტაშვილმა.
2013 წლის 4 მარტიდან შიდა ქართლის რეგიონული ტელევიზიის ეთერით ,,მაესტროს” საინფორმაციო გამოშვებების ტრანსლაცია დაიწყო. ,,მაესტროს” ხელმძღვანელის მამუკა ღლონტის განცხადებით, ,,თრიალეთის” წარმომადგენლებმა აღნიშნულის განხორციელება თავად შესთავაზეს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია ,,თრიალეთის” 10% წილს მე-9 არხის ფლობს, რომელმაც ის 2012 წლის 15 მაისს 1 მლნ აშშ დოლარად შეიძინა. ჩვენთვის უცნობია, თუ რომელ ხელშეკრულებას გულისხმობდა ,,თრიალეთის” გენერალური დირექტორი, მაშინ როდესაც 2012 წლის 15 მაისს მე-9 არხსსა და ,,თრიალეთს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ტრანსლირების თაობაზე არაფერი წერია.
მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლუბა ელიაშვილი ,,თრიალეთის” ადგილობრივი წარმომადგენლების გადაწყვეტილების მოტივების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს: ,,თვითონ მათ ჰკითხეთ, რატომ შეწყვიტეს ტრანსლაცია, საინტერესოა” – გვითხრა ლუბა ელიაშვილმა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საჯარო რეესტრიდან მოიძია ტელეკომპანია ,,თრიალეთის” წესდება, სადაც წერია, რომ ,,გენერალური დირექტორი ერთპიროვნულად მართავს საზოგადოებას. იგი ახორციელებს გარიგებებს, დებს ხელშეკრულებებს და კონტრაქტებს ფირმებთან და დაწესებულებებთან; განაგებს საზოგადოების ფინანსურ საშუალებებს და ქონებას, ახორციელებს საზოგადოების შიდა სტრუქტურების მართვას. ორგანიზებას უწევს საზოგადოების ბუღალტერიისა და სალაროს შექმნას, ისევე როგორც ანგარიშგების, ბალანსის და მოქმედების გეგმის და ხარჯთაღრიცხვის შედგენას” – წერია 1995 წელს შედგენილ წესდებაში.
ამავე წესდების მიხედვით, გენერალურ დირექტორს უმრავლესობით ირჩევს პარტნიოთა საბჭო. საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანო სწორედ პარტნიორთა საბჭოა. გენერალური დირექტორი, მხოლოდ, აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს.
ამ კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს:
- საზოგადოების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გეგმებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების დამტკიცება.
- საზოგადოების წევრების შეცვლა;
- საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრების მოწვევა;
- საქმიანობის, წლიური შედეგების; გასული საფინანსო წლის ბალანსის; სარევიზიო კომისიის ანგარიშებისა და დასკვნების დამტკიცება;
- მოგების განაწილებისა და ზარალის დაკარგვის წესების დადგენა;
- საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა;
- გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ; სალიკვიდაციო კომისიის დანიშვნა; სალიკვიდაციო ბალანსის დადგენა.
პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების დასამტკიცებლად საჭიროა კრებაში მონაწილეთა უმრავლესობის ხმა.
იმის გამო, რომ ტელეკომპანია ,,თრიალეთს”, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად, 4 მესაკუთრე ჰყავს, ერთ-ერთ მესაკუთრეს, მე-9 არხს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში აშკარა უმცირესობა უკავია. ,,თრიალეთის” მფლობელები არიან: ჯონდო ნანეტაშვილი – 50%; ბადრი ნანეტაშვილი (ჯონი ნანეტაშვილის ძმა) – 20%; ნინო გაგნიძე (ბადრი ნანეტაშვილის მეუღლე – 20 %) და ,,მე-9 არხი” – 10 %;
2012 წლის 15 მარტს 10%-იანი წლის შესყიდვის დოკუმენტს ხელს მე-9 არხის მაშინდელი გენერალური დირექტორი კახი ბექაური აწერს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, სხვა რაიმე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, რომელსაც წილის შესყიდვის შემდგომ მე-9 არხს წესდების მიხედვით ეკისრება, არაფერი წერია. კახი ბექაურსა და ბადრი ნანეტაშვილის შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, მხოლოდ და მხოლოდ, აღნიშნულია 1 მლნ აშშ დოლარის გადახდის ვადები.