სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას ახალი მთავრობის მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა. მისი თქმით, შეხვდა რეინტეგრაციის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, ადმინისტრაციას ახალი მთავრობის მხარდაჭერა აქვს და თბილისში აგრძელებს მუშაობას.
სანაკოევის აზრით, კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების შემდეგ მოხერხდება. რაც შეეხება ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, სანაკოევის თქმით, ამაში ნაწილობრივ ყველა მხარეა დამნაშავე.
მისივე ინფორმაციით, ცხინვალში მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა ინფრასტრუქტურა. სანაკოევის აზრით, საჭიროა, საქართველოში ადამიანების სოციალური პირობები ყოველწლიურად უმჯობესდებოდეს, რათა კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებთ თანაცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ.
დიმიტრი სანაკოევმა ისაუბრა რეფერალურ სახელმწიფო პროგრამაზე, რომლითაც სამედიცინო დახმარება გასულ წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 77 ადამიანს გაეწია, წელს კი – 20-ს.