შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ ძვირადღირებულ ავტომობილებს აუქციონზე ხელმეორედ გაიტანენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, აუქციონის ვადა გუშინ, 12:00 საათზე დასრულდა, აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია და ავტომობილის შეძენის სურვილი არავის გამოუთქვამს.
"დაახლოებით ათი დღის ვადაში გამოცხადდება ხელახალი აუქციონი. მანამდე გაანალიზდება, იგივე ფასში უნდა გავიდნენ მანქანები აუქციოზე, თუ უნდა მოხდეს ფასადაკლება", -განაცხადა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კიკნაძემ.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული 50-მდე ძვირადღირებული ავტომობილის აუქციონზე გატანის შესახებ განცხადება გასული წლის 24 დეკემბერს გააკეთა. აუქციონის ვადა 6 მარტს ამოიწურა, ავტომობილების ფასები 18 000 – 55 000 დოლარის ფარგლებშია.
ამასთან, სანამ ავტომობილებს აუქციონზე გაიტანდნენ, რამდენიმე მოქალაქემ მანქანებში საკუთარი ავტომობილი ამოიცნო. მათი თქმით, მანქანები ძველი ხელისუფლების დროს უკანონოდ გადააფორმებინეს. ისინი ავტომობილების დაბრუნებას ითხოვენ. შსს-ს წარმომადგენელთა განცხადებით პრობლემური ავტომობილები აუქციონზე არ გასულა. როგორც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, აუქციონის მიმდინარეობისას რომელიმე ავტომობილის მიმართ მოქალაქეთა მხრიდან პრეტენზია არავის გამოუთქვამს.