საქართველოს მთავარი პროკურატურა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ დავით საყვარელიძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"28 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული იქნა 2011-2012 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელთა შესწავლით გაირკვა, რომ 2011-2012 წლებში მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული ბიზნესმენებისათვის ამორტიზებული და გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების იძულებით შეძენის გზით დიდი ოდენობით თანხების გამოძალვას.
კერძოდ, ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით: 2011 წლის 2 დეკემბერს ისრაელის მოქალაქის ეფრაიმ გურმა მისი წარმომადგენლის გიორგი ჩხეიძის მეშვეობით ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ტატანისში 412 000 ლარად შეიძინა 168 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა - კულტურის სახლი. მოცემულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გიორგი ყავლაშვილმა გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ 2010 წელში ეფრაიმ გურის შვილის რონენ გურის ბრალდების საქმეზე იგი მონაწილეობდა როგორც ამ უკანასკნელის დამცველი ადვოკატი, რომელიც იმ დროისათვის იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეფრაიმ გური თვლიდა, რომ მისი შვილი იყო უდანაშაულო და სურდა მის მიმართ საქმის შეწყვეტის მიღწევა. გიორგი ყავლაშვილმა, რონენ გურის ბრალდების საქმის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ეფრაიმ გური შეახვედრა მთავარი პროკურორის იმჟამინდელ მოადგილეს დავით საყვარელიძეს, რომელთანაც ეფრაიმ გურმა დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ მზად იყო საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ გადაეხდა თანხა. კერძოდ, ყავლაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ ეფრაიმ გურმა თავისი შვილის რონენ გურის მიმართ საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ საერთო ჯამში გადაიხადა 1 000 000 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში და მცხეთაში ამორტიზებული უძრავი ქონების შეძენის გზით. გადახდის ქვითრები კი წარუდგინა მთავარ პროკურატურას. აღნიშნული საკითხების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, 2013 წლის 7 მარტს 15:00 საათზე მთავარი პროკურორის იმჟამინდელი მოადგილე დავით საყვარელიძე გამოძახებულია დაკითხვაზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან, დავით საყვარელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს.