ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ნორვეგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილმა მორიგი, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრ ანნე-გრეტე სტრომ ერიქსენთან გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ნორვეგიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ნორვეგიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
თავის მხრივ ანნე-გრეტე სტრომ-ერიქსენმა განსაკუთრებით აღნიშნა ავღანეთის IშAF-ის საერთაშორისო მისიის ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და კიდევ ერთხელ დაადასტურა, ნორვეგიის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.
შეხვედრაზე, საუბარი საქართველო-ნორვეგიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის 2012 წელს განახლებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა წარმატებით ხორციელდება.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავდაცვის სფეროში ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას, ასევე, საქართველო-ნორვეგიას შორის სამხედრო სფეროში განათლების გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას.
დღესვე სახელმწიფო მინისტრი შვედეთში გაემგზავრება, სადაც ასევე მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი