საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს სხდომას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მეორე არხის" გენერალურმა პროდიუსერმა, დოდო შონავამ განუცხადა , მისი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებას გადახედავს.
"ჩვენ დაგვპირდნენ, რომ საბჭო დღეს, 13:00 საათზე შეიკრიბება და გადახედავს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ძალაში დატოვებენ ამ გადაწყვეტილებას ან შეცვლიან", - განაცხადა შონავამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილისთვის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. 5 მარტს გაიმართა სამეურვეო საბჭოს შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებთან, სადაც გადაწყდა, რომ საბჭო ბარათაშვილის გათავისუფლების საკითხს გადახედავს.