საპარლამენტრო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე დღეს, 15:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული, თუმცა მისვლას არ აპირებს .
როგორც ჟურნალისტებს საყვარელიძემ განუცხადა, უწყება მას ამჯერად სამცხე-ჯავახეთის პროკურატურიდან გაეგზავნა. მისივე თქმით, რა საკითხთან დაკავშირებით არის ის დაკითხვაზე დაბარებული, ოქმში მითითებული არ არის და არც მას აქვს ინფორმაცია.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს "ქართული ოცნებისთვის", დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ერთადერთი გზა არის პოლიტიკურ ოპონენტთან მოლაპარაკების გზა და არა ასეთი მაიმუნობა, რომლითაც ისინი დაკავებულები არიან. მიუხედავად ამისა, მე პატივს ვცემ მაინც იმ უწყებას, სადაც მე მიმუშავია, იმ გამომძიებლებსა და პროკურორებს, რომლებსაც აწვალებენ და ასეთ სისულელეებს აკეთებინებენ. მე ნებისმიერ დროს მზად ვარ, რა თქმა უნდა არასასესიო საათებში, მივიღო გამომძიებელი და თუნდაც ასეთ გაუგებრობაზე მივცე ნებისმიერი ინფორმაცია და ჩვენება პარლამენტის შენობაში, ჩემს სამუშაო ოთახში", - აღნიშნა საყვარელიძემ.