საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩების დანიშვნის ბრძანებას ხელს არ აწერს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ელჩობის კანდიდატებმა საპარლამენტო პროცედურები წარმატებით გაიარეს და მათ კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, თუმცა პრეზიდენტი არც ერთი ელჩის დანიშვნის ბრძანებას ხელს არ აწერს.
"საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტმა 9 ელჩი დაამტკიცა. ამ 9 ელჩს ხმა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მისცეს. თუ საქართველოს პარლამენტი არის ქართველი ხალხის ნების გამომხატველი და თუკი პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი ხელს არ შეუშლის ახალი მთავრობის მუშაობას და არ აპირებს არც ახალი მთავრობისა და არც პარლამენტის დათხოვნას, რატომ არ სცემს პატივს პარლამენტის გადაწყვეტილებას, მით უფრო, რომ ის ელჩები მისი წარდგენილები იყვნენ? მათ წარმატებით გაიარეს ყველა პროცედურა პარლამენტში", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ეს მას აფიქრებინებს, რომ პრეზიდენტს და ყოფილ ხელისუფლებას სურს, ბოლომდე შენინარჩუნოს ის პოზიციები, რაც უცხოეთში აქვს, რომ მათ ახალი ელჩის არარსებობის და არყოფნის შემთხვევაში ისევ ჰქონდეთ საშუალება, გაავრცელონ ახალი მთავრობისა და საქართველოს ახალი ლიდერის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაცია. "სხვა ახსნა მე ამისთვის ვერ მომიძებნია", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.