საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ხვალ სომხეთში მიემგზავრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და სომხეთის თავდაცვის მინისტრს სეირან ოჰანიანს შეხვდება.
პირისპირ შეხვედრა სომეხ კოლეგასთან თავდაცვის სამინისტროში გაიმართება. მხარეები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრაც, რომელსაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენლები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები დაესწრებიან.
შეხვედრების დასრულების შემდეგ სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში 8 მარტს დაბრუნდება.