პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გამოკვეთილ სიგნალებსა და ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, ადმინისტრაცია ასევე პოზიტიურად აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას და ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.
"ჩვენ უაღრესად დადებითად ვაფასებთ იმ პოზიტიურ სიგნალებსა და ტენდენციებს, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ იკვეთება, კერძოდ, ვგულისხმობ მზაობას, გაკეთდეს პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივი განცხადება საგარეო კურსის უცვლელობის თაობაზე", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, ისევე, როგორც მედიაში ჩაურევლობა, წარმოადგენდა ერთ-ერთ განსახილველ საკითხს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრისას.
"მოხარულები ვართ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან პოზიტიური განცხადებები მოვისმინეთ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს განცხადებები არ დარჩება სიტყვებად და პრემიერისა და მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება. ამ ყოველივეს გათვალისწინებით ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მივიჩნევთ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.