ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი კაზინო "აჭარის" მოვალეების პრეტენზიებს არ იღებს და აცხადებს, რომ ძველი ვალების ანაზღაურება კაზინოს შენობის მფლობელმა თემურ უგულავამ უნდა უზრუნველყოს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით იაკობაშვილმა განუცხადა.
ამასთან, მან უარყო კაზინოს მომჩივანის, ივა ჩიღვინაძის განცხადება, თითქოს იაკობაშვილმა ბიზნესი ხელში დავით კეზერაშვილის დახმარებით ჩაიგდო. "ჩემთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ უგულავა ჰყიდდა თავის ბიზნესს კაზინოში და მას უნდოდა თანხა იმისათვის, რომ სასტუმრო "აჭარა" გაერემონტებინა. მას მისცეს გარკვეული თანხა ამისთვის. მე არ ვგეგმავდი საქართველოში ბიზნესში შესვლას, წლების განმავლობაში კაზინოებთან დაკავშირებით ვმუშაობდი სათამაშო აპარატების დამონტაჟებაზე, კომპანია "ჩერის" წარმომადგენლებთან ერთად, რომლებთანაც ბიზნესი დავიწყე ჯერ კიდევ 1989 წლიდან. მათ დამარწმუნეს ამ ბიზნესში შევსულიყავი, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ბიზნესი იქნებოდა საინტერესო. შედგა შეთანხმება და 2009 წლის 31 ოქტომბერს მოეწერა ხელი თემურ უგულავასთან კონტრაქტს, რაშიც მე გადავიხადე 12 მილიონი დოლარი", - აცხადებს დავით იაკობაშვილი.
მისი თქმით, ამ გარიგების შედეგად, მან იყიდა ბიზნესი და არა კაზინოს შენობა, შესაბამისად, იჯარის გადასახადს უხდის სასტუმრო "აჭარას". "უგულავას პატიოსნებაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ის იქნება პასუხისმგებელი იმ ვალებზე, რომლებიც შეიძლება წარმოქმნილიყო ჩემს მისვლამდე. მე ვიცნობდი კეზერაშვილს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან დამარწმუნა და მან მიმიყვანა კაზონოში. ეს "ჩერის" წარმომადგენლების ინიციატივა იყო", - განაცხადა დავით იაკობაშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ ჩიღვინაძეს, რომელიც მომჩივანი მხარეა, საერთოდ არ იცნობს. "ივა ჩიღვინაძე არ მინახავს არასდროს, არ ვიცნობ. შეიძლება მან იცის, რომ მე ვარ მფლობელი და რაღაცის მიღება უნდა. ეს მისი საქმეა და სწორი და სამართლიანი იქნებოდა აპელირება იმ ადამიანზე მოახდინოს, ვისთანაც მოლაპარაკებები ჰქონდა და ვისაც ფული ასესხა, კერძოდ, უგულავასთან", - აღნიშნა იაკობაშვილმა.