გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებას შეურაცხყოფას უწოდებს. როგორც კალანდაძემ დღეს
"პრაიმთაიმის" პრესკლუბში განაცხადა, იგი მზად არის, ირაკლი სესიაშვილის კითხვებს უპასუხოს, თუკი დეპუტატს ამის სურვილი ექნება. მისივე თქმით, გაერთიანებული შტაბის ძალისხმევით უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
კალანდაძის ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის შენობა 2010 წელს განახლდა, თითქმის თავიდან აშენდა და სამაგალითო შენობა გახდა. მისივე განცხადებით, მე-4 ბრიგადის შტაბი ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს გაკეთდა და ახალაია ექვსი თვის განმავლობაში იყო იქ და ჯარისკაცებთან ერთად ეცნობოდა საბრძოლო სულისკვეთებას.
კალანდაძემ ისაუბრა ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ბაჩო ახალაიას კაბინეტში ჯაკუზი იყო. იგი ამბობს, რომ თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრის კაბინეტში არ ყოფილა, თუმცა იცის, რომ იქ ჯაკუზი არ იყო. "კაბინეტში იყო ჩვეულებრივი სველი წერტილი", - აცხადებს კალანდაძე.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა "შაბათის შოუს" ბიჭებისთვის იარაღის ჩუქებაზე და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრს უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს აჩუქოს იარაღი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დღეს თავდაცვის უწყებაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლოა შენობები თავზე დაენგრეთ, ამ ფონზე მინისტრი ახალაია და გენშტაბის უფროსი გიგი კალანდაძე კოლოსალური თანხების პრემიებს იღებენ. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის მეთაურს 2010 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით პრემიის სახით გაცემული აქვთ 41 მლნ 164 ათას 059 ლარი.
გარდა ამისა, დღეს ვაზიანის ბაზაზე იმყოფებოდნენ თავდაცვისა და ფინანასთა მინისტრები, რომლებმაც ახალაიასა და კალანდაძის აქამდე დალუქული აპარატამენტები დაათვალიერეს.