რას ედავება თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს გამოძიება, ამის შესახებ პასუხს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გაავრცელებს.
ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა. კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა გამოძიება თავდაცვის სამინისტროში შაშკინის დროს გაცემული პრემიების საკითხით, ხადური აცხადებს, რომ ბევრი საკითხია, რომელზეც საგამოძიებო სამსახური ისაუბრებს და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
"ბევრი საკითხია, რომელზეც საგამოძიებო სამსახური ისაუბრებს. სხვათა შორის, მისი ჩამოსვლა სიმბოლურად დაემთხვა ჩემს დღევანდელ ვიზიტს სამხედრო ბაზაზე", - განაცხადა ხადურმა.
ნოდარ ხადური, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად, დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს, ის აშშ-დან საქართველოში დღეს დაბრუნდა.