თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე განუცხადა.
"რაც შეეხება შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებს, სწორია, რომ ის იყოს არჩეული პირდაპირი წესით. ჩვენ არ აგვირჩევია პარლამენტი იმ მანდატით, რომ მან აირჩიოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი და ბუნებრივი პოზიცია გააჟღერა პრემიერმა. სამომავლოდ კი, ეს ფართო საზოგადოების გადასაწყვეტია საპარლამენტო რესპუბლიკა არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის თუ საპრეზიდენტო. ჩვენც, როგორც კოალიციის წევრები, მხარს ვუჭერთ, რომ საზოგადოებამ გადაწყვიტოს და არა რომელიმე პარტიამ და ჯგუფმა", - აღნიშნა ალასანიამ.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს. მისივე თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა დაკნინდეს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატურას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას ამ საკითხთან მიმართებაში წინსვლა აქვს, თუმცა, ამის გაჟღერება ჯერ არ სურს და ამას გუნდთან განიხილავს.