თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზა დაათვალიერეს.
მინისტრებმა ბაზაზე არსებული ლაზარეთი, ყაზარმები, სასადილო დაათვალიერეს, მათ ასევე მოინახულეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის აპარტამენტები, რომელიც ბაზაზეა განთავსებული და აქამდე დალუქული იყო.
როგორც მინისტრებმა ბაზის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ მიიღეს პრემიერმინისტრისგან დავალება, რომ შეიარაღებული ძალებისთვის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგდეს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ერთობლივად დაეთვალიერებინათ და შეესწავლათ ყველა ის პრობლემა, რაც სამხედრო ბაზებზე ამ დროისათვის არსებობს.
"ცხადია, რომ როდესაც ჩვენ გასული წლების ანალიზს ვაკეთებთ და ვიცით რომ შეიარაღებაზე და მატერიალურ ტექნიკურ ბაზაზე დაიხარჯა 8 მილიარდი ლარი, ჩვენ გვაინტერესებს რაში დაიხარჯა ეს თანხა. სამწუხაროა, მაგრამ სავალალო მდგომარეობაშია ბევრი სამხედრო ბაზა. როგორც ჩანს ეს 8 მილიარდი ლარი ბევრ სხვა რამესთან ერთად ფასადებს მოხმარდა. მე მოვედი იმისათვის, რათა დავრწმუნდე რომ კიდევ საჭიროა რესურსები შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. ძალიან დიდი თანხებია დახარჯული. თქვენ თავად ნახეთ მინისტრის კაბინეტი, რომელიც მას რეალურად არც სჭირდებოდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრჯმა ნოდარ ხადურმა.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, ინფრასტრუქტურა ახალ ხელისუფლებას თითქმის ყველა ბაზაზე მოუწესრუგებელი და განადგურებული დახვდა, გამონაკლისი, მისი თქმით, მხოლოდ თავდაცვის აკადემია და კადეტთა სასწავლებელია და ახალი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის სტრუქტურისათვის პრიორიტეტული იქნება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
"სამწუხაროა ძალიან, რომ მთავარი ღირებულება წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროსთვის ჯარისკაცი არ იყო და მისთვის არ იხარჯებოდა ფული. 8 მილიარდამდეა დახარჯული 2004 წლის შემდეგ და აშკარად ჩანს, რომ ჯარისკაცების ყოფას ეს თანხა არ მოხმარებია. ჩვენი ამოცანაა და პრემიერმა გასცა განკარგულება, რომ ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, სწორედ ამას ემსახურება ეს ვიზიტი და მსგავსი ვიზიტები გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ალასანიას განმარტებით, იკვეთება, რომ დამატებითი თანხების მოძიება გახდება საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზის დათვალიერების შემდეგ ფინანსთა და თავდაცვის მინისტრებმა ის საველე ბანაკი დაათვალიერეს, სადაც ამ დროისათვის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის მომზადებას.