ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც წაადგება სასამართლოს დამოუკიდებლობას, მისასალმებელია და ამაში ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კუბლაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს საკითხებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სასამართლო საქართველოში იყოს უფრო მეტად და ძლიერად წარმოდგენილი - როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი სისტემა.
"ვისაუბრეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებისგან არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლოს მიმართ იყვნენ სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება. გადაწყვეტილებების ობიექტური შემფასებელი უნდა იყოს და ობიექტურად უყურებდეს სასამართლოს საქმიანობას არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, რათა სასამართლო იყოს პირველ რიგში თავისუფალი კორუფციისგან, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, რომელიც არის ამ ქვეყანაში. მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობას ეს ყველაფერი არ უნდა შეეხოს", - განმარტა კუბლაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოიწონა სასამართლოს ინიციატივა, რომელიც პროკურორებთან, ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე მსჯელობას გულისხმობს.