საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებაზე მომზადებული დოკუმენტის პროექტზე უმცირესობის პოზიციას უმრავლესობა ამ დრომდე ელოდება.
უახლოეს საათებში გადაწყდება, პროექტი ინტერფრაქციულ ფორმტაში გაფორმდება და საპარლამენტო ფრაქციების სახელით მოეწერება ხელი, თუ პლენარულ სხდომაზე რეზოლუციის ფორმით დაამტკიცდება.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, პროექტში ცვლილებები აისახა, წინა ვარიანტისგან განსხვავებულია და მასში დამატებითი ცვლილებები აღარ შევა.
"ინტერპრესნიუსი" უმრავლესობის მიერ უმცირესობისთვის გადაგზავნილი პროექტის კორექტირებულ ვარიანტს უცვლელი სახით გთავაზობთ:
"საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ ხელმძღვანელობენ რა საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებით; ითვალისწინებენ რა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანის პრიორიტეტულობას რაც პოლიტიკური ძალების საერთო პასუხისმგებლობის საგანს უნდა წარმოადგენდეს; ადასტურებენ რა საქართველოს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს სტრატსბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აიღო;
გამოხატავენ რა მისწრაფებას ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, პროგნოზირებადი და მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის ავტორიტეტის დამკვიდრებას; მიიჩნევენ რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის გატარებისა და მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის და მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია; საქართველოს პარლამენტის ფრაქციები თანხმდებიან ერთიან მიდგომებზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, კერძოდ:
1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესებით, მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანიდან გამომდინარე;
2. საქართველოს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის ამოცანებია ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიების დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ერთიანობის აღდგენა;
3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით;
4. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, უპირველესყოვლისა, მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ;
5. საქართველო განახორციელებს თანმიმდევრულ პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით;
6. საქართველო სრულად იზიარებს მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე რეაგირების საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობის ვალედებულებას. ამ მიმართებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო, საპოლიციო და სამოქალაქო ოპერაციებში წვლილის შეტანა ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია;
7. საქართველოს ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის და ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე;
8. ევროკავშირთან თანამშრომლობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" და "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" ფარგლებში განვითარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები. პრიორიტეტულად განიხილება ასევე თანამშრომლობა სამშვიდობო პროცესების განვითარების სფეროში;
9. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობებით წარმართავს. ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების ამოცანებს განეკუთვნება ასევე შეთანხმების მიღწევა უვიზო რეჟიმის და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე. ქარტიაში ასახული მოვალეობების შესრულებას საქართველო, უპირველეს ყოვლისა, განიხილავს როგორც ვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე;
10. საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად;
11. საქართველო რუსეთთან დიალოგს წარმართავს როგორც საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, რომელიც მიმდინარეობს ჟენევაში, ასევე ორმხრივ ფორმატში. ამ დიალოგის მიზანია ურთიერთობებში არსებული კრიზისის დაძლევის სტრატეგიის შემუშავება და რეალიზაცია;
12. ჩრდილოკავკასიის ხალხებთან ურთიერთობები დაეფუძნება კეთილმეზობლობის, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს;
13. საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ დიალოგს, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას სახელმწიფოთა ძირეული ინტერესების თანხვედრისათვის;
14. მნიშვნელოვანია ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა წარმოადგენდეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცეს;
15. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება შავი და კასპიის ზღვების აუზების, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებთან;
16. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე სამშვიდობო პროცესის განვითარების და "არ აღიარების პოლიტიკის" შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქტიუროს მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, სუამის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატებში".