საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების 200-მილიონიან ფონდთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი დავით ნარმანია და მისი მოადგილე შოთა მურღულია ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდნენ.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისთვის წარდგენის პროცედურები. ამავე შეხვედრაზე, მინისტრმა და მისმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა მინისტრს წარუდგინეს ინფორმაცია და პრობლემები, რის მოგვარებასაც აღნიშნული ფონდის მეშვეობით გეგმავენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მათ მიერ წარდგენილი პროექტი.
2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ანუ 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო გამოყოფილი. განისაზღვრა საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც - ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათებისა და სხვა მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.
რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პროექტების წარდგენის უფლება აქვთ როგორც თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს), ისე სახელმწიფო რწმუნებულს. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის წარმდგენია თვითმმართველობა, ის უნდა მოიცავდეს მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ღონისძიებებს, ხოლო რეგიონული პროექტის შემთხვევაში, შესაძლებელია, მასში რამდენიმე მუნიციპალიტეტი შედიოდეს.
პროექტის ინიცირების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით (მათ შორის, რეგიონულ პროექტზეც) მიღებული ჰქონდეს საკრებულოს. პროექტის საჯარო განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და განხილვის პროცესში, სასურველია, ჩართული იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი.
პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• პროექტის ზოგადი და კონკრეტული ამოცანები;
• პროექტის გახორციელების საჭიროების დასაბუთება;
• პროექტის გახორციელების სავარაუდო ვადები;
• მოსარგებლეები და მოსალოდნელი შედეგები;
• პროექტის სავარაუდო ღირებულება.
თვითმმართველი ერთეული ან გუბერნატორი პროექტს წარადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხოლო სამინისტრო მას განსახილველად უგზავნის რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას. კომისია, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რათა მოხდეს მოწონებული პროექტის დაფინანსება.
სამინისტროს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მკაცრი მონიტორინგი, რათა ფონდიდან მიღებული თანხის მიზნობრივად გაიხარჯოს. ამისათვის პროექტის ავტორი (თვითმმართველი ერთეული (მუნიციპალიტეტი) ან გუბერნატორი) პროექტის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას პროექტის გახორციელების შედეგების შესახებ.
რეგიონული განვითარების სამინისტრო იღებს ვალდებულებას, წელიწადში ორჯერ მოამზადოს და გამოაქვეყნოს ანგარიში გახორციელებული პროექტების თაობაზე. ამავდროულად, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია ვალდებულია, მოამზადოს და მთავრობას წარუდგინოს პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები.
პროექტების მიღება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე დაწყებულია და მათი მიღება 11 მარტს 16:00 საათზე შეწყდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და სამხარეო რწმუნებულებს შეუძლიათ, საპროექტო წინადადებები დამტკიცებული ფორმით სამინისტროს უკვე წარუდგინონ.