"როსპოტრებნადზორის" ექსპერტების მეორე დელეგაცია საქართველოში 25 მარტს ჩამოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
"დადასტურდა მეორე ვიზიტის თარიღი. ეს არის 25 მარტი და ისინი შეამოწმებენ ყველა საწარმოს, რომელიც არის დარჩენილი და რომელთაც სურთ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ისინი შეამოწმებენ კახეთში დარჩენილ კომპანიებს და ასევე მოიცავენ დასავლეთ საქართველოსაც.
ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ არც ერთი კომპანია არ დარჩება შეუმოწმებელი, ვისაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნება სურს.
"როსპოტრებნადზორის" ექსპერტების პირველი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 25 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე გაიმართა. მათ შეამოწმეს ღვინის 40 და მინერალური წყლების 4 კომპანია.
საერთო ჯამში რუსულ ბაზარზე დაბრუნების სურვილი 80-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ გამოთქვა და მეორე ნაკადი სწორედ ამ დარჩენილ კომპანიებს შეამოწმებენ.
ამასთან, დღეს "როსპოტრებნადზორმა" გამოაქვეყნა იმ ქართული კომპანიების სია, რომელთაც აქვთ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა და ამისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტები და პროდუქციის ნიმუშები უნდა წარადგინონ.