დედაქალაქში ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადების გამიჯვნის თაობაზე დეპუტატ თინა ხიდაშელის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით – 88 ხმით, ერთხმად მიიღო.
პირველი მოსმენით ცვლილებები "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონსა და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში აისახა.
დეპუტატ თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული პროექტით, ნარჩენების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტოენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე ზღვრული მოსაკრებელი წესდება, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ამ მიმართულებით სულადობრივი ზღვარიც შემოდის და კანონში იწერება, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოთხი სულით განისაზღვრება.
პროექტის თანახმად, "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონით სოციალურად დაუცველთა ფაქტორის გათვალისწინებაც ხდება და ფიქსირდება, რომ მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირებზე დიფერენცირებული უნდა იყოს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვარის მაჩვენებლის შესაბამისად.
როგორც პარლამენტში საკითხის განხილვისას ითქვა, კანონპროექტი მხოლოდ დასუფთავების გადასახადის გამოანგარიშების წესს ადგენს, მაგრამ არანაირად არ ეხება აღნიშნული გადასახადის ადმინისტრირებას.