საპარლამენტო ფრაქციას "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი" სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, ფრაქციის თავმჯდომარედ სოსო ვახტანგაშვილის კანდიდატურა შეირჩა, მისი მოადგილე იქნება თემურ მაისურაძე, ხოლო ფრაქციის მდივნად შერჩეულია დეპუტატ გიორგი ხეჩინაშვილის კანდიდატურა.
"იმის გათვალისწინებით, რომ საუბარი იყო "ეროვნული ფორუმისა" და "ქართული ოცნების" პოლიტიკური გაერთიანებების შერწყმაზე, გადავწყვიტეთ ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" შესვლა, რადგან ამ ეტაპზე ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანება არ შედგა, ფრაქცია "ეროვნული ფორუმი" უმრავლესობის შემადგენლობაში ცალკე ფრაქციად ყალიბდება. ამ გადაწყვეტილებაში კი ახალი და რაიმე სიურპრიზის შემცველი არაფერია", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გუბაზ სანიკიძემ.
ფრაქცია "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის" რეგისტრაციის საკითხს რამდენიმე საათში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. კომიტეტის გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის ბიუროს, რის შემდეგაც ფრაქცია შექმნილად ჩაითვლება.