დაუჭერს თუ არა მხარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგარეო კურსთან დაკავშირებით უმრავლესობის პროექტს, ჯერ უცნობია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უმცირესობის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, დოკუმენტის პირველ ვარიანტზე, ასევე კორექტირებულ პროექტზე პარტიაში გაიმართა განხილვა და გამოიკვეთა შენიშვნები, განსხვავებული მოსაზრებები. დავით დარჩიაშვილის შეფასებით, დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტი არის წყალწყალა და არაერთ დემაგოგიურ ელემენტს შეიცავს.
"მაგალითად, მასში წერია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა ამერიკისა და რუსეთის ინტერესები დაახლოვდეს, რაც, ჩემი აზრით, აბსურდული და გაუგებარია. თუკი ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ამერიკისა და რუსეთის ინტერესები საქართველოსთან დაკავშირებით უნდა დაახლოვდეს, ეს სხვა რამეა. თუმცა, ამ შემთხვევაში დავსვამდი კითხვას, როგორ უნდა მოხდეს ეს. ასევე, პროექტში წერია, რომ საქართველო ნატო-სკენ მიისწრაფვის, თუმცა რა ამოცანებია ამ მიმართულებით დასახული, ნათქვამი არაფერია", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დავით დარჩიაშვილმა.
დღეს, დღის ბოლომდე გაირკვევა საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით შემუშავებულ პროექტს პარლამენტი ინტერფრაქციული დოკუმენტის სახელით მიიღებს თუ რეზოლუციის სახით გავა კენჭისყრაზე, ეს კი, თავის მხრივ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციაზეა დამოკიდებული.