პრეზიდენტის მრავალჯერადი განცხადება სამცხე-ჯავახეთის საქართველოდან შესაძლო მოწყვეტის შესახებ არის საბოტაჟი სომეხი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ , - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა, რუსლან პოღოსიანმა განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სამცხე-ჯავახეთის სახელით აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
"სააკაშვილს სურს, თავისი წარუმატებელი პოლიტიკა ორი ერის წაკიდებით დაასრულოს. ამ კუთხის სახელით ვაცხადებ, რომ ეს არ მოხდება. სამცხე-ჯავახეთი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხე, ულამაზესი არა მხოლოდ ბუნებით, არამედ თავისი ხალხით, რომელიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა ამ მიწაზე. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ნუ განაწყობს ქართველ ხალხს სომეხი ხალხისადმი სიძულვილით. ქვეყნის პრეზიდენტი ამას არ უნდა აკეთებდეს. მისი უპირველესი მოვალეობაა არა სიძულვილისა და მტრობის დათესვა მოქალაქეებს შორის, არამედ სიყვარულის და სიკეთის დანერგვა", - განაცხადა პოღოსიანმა.
მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი ამ თემაზე საუბარს გააგრძელებს, მას მკაცრი პასუხი გაეცემა.
პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის შექმნის საფრთხეზე 28 თებერვალს, ბაქოდან დაბრუნების შემდეგ თბილისის აეროპორტში ისაუბრა. ამ ფაქტს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლებას უკავშირებს.