საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს დიდი ალბათობით იურიდიულ მომსახურებას გაუწევს. ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღის მეორე ნახევარში საია-ს იურისტები გიორგი ბარათაშვილს შეხვდებიან და მას შემდეგ, რაც მეტი ინფორმაციას მიიღებენ საქმის შესახებ, გადაწყვეტენ - გაუწიონ თუ არა საადვოკატო ან რაიმე ტიპის იურიდიული მომსახურება გიორგი ბარათაშვილს.
კოჟორიძის განმარტებით საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაYსაინტერესო და აქტუალურია და მაღალი ალბათობით ყოფილ გენერალურ დირექტორს საია იურიდიულ მომსახურებას გაუწევს. მისივე თქმით, საია-მ სამეურვეო საბჭოსგან უკვე მოითხოვა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც მოხდა ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება.
"არსებობს ვარაუდი, რომ საბჭოს ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ხათუნა ბერძენიშვილის თემას. თუ ეს ასეა, მაშინ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული", - განმარტა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, მაღალი ალბათობით, გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან კანონიერად არ არის გათავისუფლებული.