უფრო მეტია გასაკეთებელი და ძალიან ბევრ განცხადებაზე რეაგირებაა საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტი დღევანდელ სესიაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შესულია 17000-ზე მეტი საჩივარი და განცხადება.
"რაც შეეხება სასამართლოს თემას და სამართლიანობის აღდგენას. 7000 არა, უკვე 17 000-ს გადააჭარბა საჩივრებმა, პრობლემებმა, განცხადებებმა, პრეტენზიებმა. ამიტომ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაივლის სწორედ იმ ხაზზე, რომელიც არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის არათუ ხასიათს, არამედ ნიშნებსაც კი არ შეიცავს. არც ერთი საქმეში, რომელიც სასამართლოში გადაიგზავნა, არ არის პოლიტიკური დევნის დამადასტურებელი რაიმე ელემენტი. უფრო მეტია გასაკეთებელი, რადგან ძალიან ბევრ განცხადებაზე რეაგირება არის საჭირო. რასაც ბოლო პერიოდში, სასამართლოს სტატისტიკა და ტენდენციები ცხადყოფს, უაღრესად დამაფიქრებელია", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, თუ იქნება დასკვნა, რომ მოსამართლეები უკანონოდ დაინიშნენ, შემდეგ იქნება შესაძლებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიმენტზე მსჯელობა. მისი თქმით, ამ თემას მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც დასკვნა გამოქვეყნდება.
"როდესაც მთავარი პროკურატურა დადებს დასკვნას მოსამართლეების მიმართ - კერძოდ ჰქონდათ თუ არა მათ უფლებამოსილება, როდესაც დაინიშნენ თანამდებობებზე, აკმაყოფილებდნენ თუ არა კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს და თუ გამოიკვეთება, რომ იუსტიციის საბჭომ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უკანონოდ დანიშნეს ეს მოსამართლეები, ჩვენ შეგვიძლია შემდეგ ვიმსჯელოთ კონსტიტუცის დარღვევის გამო, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხზე", - განაცხადა ბესელიამ.
ბესელია გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასაც. როგორც დეპუტატი აცხადებს, ამ შეხვედრით პრემიერ-მინისტრმა მისცა საშუალება უმცირესობას, რომ ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესებიდან გამოსავალი დაინახოს.
"რაც შეეხება შეხვედრას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პოლიტიკური სივრცე, რომელიც გახსნა პრემიერ-მინისტრმა იმისთვის, რომ თქვენ ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესებიდან გამოსავალი დაგანახოთ და დაინახოთ, რომ ამ სივრცეში შესაძლებელია არა მარტო დიალოგი, არამედ გადაწყვეტილებების რაციონალურად მიღება. უბრალოდ ამას გამოყენება სჭირდება და თქვენი გადასაწყვეტია, გამოიყენებთ თუ არა", - განაცხადა ბესელიამ.
ბესელია გამოეხმაურა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასაც და განაცხადა, რომ თუ ვინმე ერევა მაუწყებლის საქმიანობაში, ეს პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობაა".
"ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ პროცესს. რა ფორმითაც იქნება ყველაზე უფრო კორექტული და ყველაზე უფრო მისაღები ჩვენი შემხებლობა ამ საკითხთან, ისე ვიმოქმედებთ. მზად ვართ, რომ შევხვდეთ ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც რეალურად წუხს, რომ საზოგადოებრივი არხი იყოს მართლაც დამოუკიდებელი და ხალხს ემსახურებოდეს. თუ ვინმეს გავლენა და ჩარევა იგრძნობა, იგრძნობა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და ამაზე მეტყველებს ფაქტები. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რეალურად გარანტიები შევუქმნათ ამ არხს - დამოუკიდებლობის რეალური განცდის და საზოგადოებისთვის სამსახურის გაწევის. ამისთვის მზადყოფნა გამოვთქვით, ჩარევით კი არ ჩავერევით, თქვენგან განსხვავებით", - მიმართა უმცირესობას ბესელიამ.