იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არც ფორმალურად და არც არსობრივად იურიდიული განათლება არ აქვს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
ხაჩიძის თქმით, თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილ დიპლომებში არსად არ არის ნახსენები, რომ მას მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს როგორც მთავრობას, ასევე საკანონმდებლო ორგანოსაც. მისი თქმით, მაშინ, როდესაც პარლამენტი მთავრობას ამტკიცებდა, არავის უფიქრია, რომ შესაძლებელი იყო მსგავსი კანონდარღვევა აღმოჩენილიყო და ეს არ არის შეგნებული კანონდარღვევა. ხაჩიძე მიიჩნევს, რომ სამი გამოსავალი არსებობს.
"არსებობს სამი გამოსავალი. იმის გამო, რომ მიზანმიმართულად და შეგნებულად არ მომხდარა ფაქტის დამალვა, შეიქმნას კომისია, რომელიც ამ სიტუაციას ლეგალურ ჩარჩოში მოიყვანს. ფაქტია, რომ იყო კანონდარღვევა და ჩნდება კითხვები, თუ რა სტატუსით წაუყენა იუსტიციის მინისტრმა ბრალი გენერალ კალანდაძეს, როგორ დანიშნა მთავარი პროკურორი და ა.შ. მეორე გამოსავალი არის ის, რომ ვიღაცამ აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და დაასრულოს ეს საკითხი. ეს იქნება გადადგომა, თუ სხვა რამ - მით უმეტეს, საარჩევნო უბანი, სადაც წულუკიანი კენჭს იყრიდა, ამჟამადაც თავისუფალია. მესამე გამოსავალი არის ის, რომ იხტიბარის არგატეხვის სპირალში შევიდეთ და თანდათან უფრო კომიკურ სიტუაციამდე მივიდეთ", - განაცხადა ხაჩიძემ.
გოგა ხაჩიძე ასევე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, დაინტერესდეს და ჰკითხოს იურისტებს, აქვს თუ არა თეა წულუკიანს რეალურად უმაღლესი იურიდიული განათლება.
"შინაურულად, როგორც უყვარს ხოლმე, ჰკითხოს იურისტებს, ზედმეტი ინტერპრეტაციების გარეშე - ის რასაც ვამბობ, არის მართალი თუ არა და მოითხოვოს ობიექტური პასუხი", - განაცხადა ხაჩიძემ.
ხაჩიძემ ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ჯერ უმცირესობასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
"მე დღეს ვსაუბრობ ჩემს პირად პოზიციაზე და ჯერ არ მქონია უმცირესობასთან კომუნიკაცია. ვიმსჯელებთ ამაზე და გვექნება საერთო ხედვა, რას ვიმოქმედებთ – ეს იქნება საპარლამენტო დეპატები, გარკვეული კომისიის შექმნა, სასამართლოს გზით წასვლა, თუ სხვა",- აცხადებს ხაჩიძე.