აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი კონტრაქტორი-სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა წლის ბოლომდე სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ რუსული მედია სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელ, პოლკოვნიკ იგორ გორბულზე დაყრდნობით წერს.
გორბულის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის მანძილზე, რუსეთის დაახლოებით 100-მა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახური აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე გაიაროს.
"თუმცა სამიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც პროფესიონალ სამხედროს უნდა ჰქონდეს",-განაცხადა გორბულმა,
მისივე თქმით, შერჩეულმა 30-მა ადამიანმა უკვე გაიარა ხუთეტაპიანი, რთული სისტემა. შერჩევისას კი უპირატესობა იმ პირებს ენიჭებათ, რომლებიც შეძლებენ დავალებები შეასრულონ ძლიერ სიცხეში და მაღალი ტენიანობის პირობებში.
"იგეგმება, რომ აფხაზეთში 2013 წლის ბოლომდე კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა სამჯერ გაიზრდება. ამასთან, პირადი შემადგენლობის საერთო რაოდენობა არ შეიცვლება"-განაცხადა გორბულმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ბაზაზე 3500 ადამიანი მსახურობს.
ამასთან, გორბულმა ხაზი გაუსვა, რომ კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურეების ზრდის ტენდენცია აღინიშნება ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებულ მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზეც.