კაზინო

კაზინო "აჭარის" მოძრავი ქონება დაყადაღებულია

კაზინო "აჭარის" მოძრავი ქონება დაყადაღებულია. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუდასტურეს. 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს მეოთხე ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაალ ფირცხალაშვილის განმარტებით, დაყადაღება სარჩელის უფრუნველყოფის განჩინების საფუძველზე მოხდა, სადაც მოსარჩელე მხარე ფიზიკური პირია.

მოსარჩელის ვინაობას უწყებაში, კანონის შესაბამისად, არ ასახელებენ, თუმცა როგორც ფირცხალაიშვილმა განმარტა, სარჩელი, როგორც განჩინებიდან ჩანს, ფულადი თანხის დაკისრებას ეხება.

"კონკრეტულ თანხაზე საუბარი არ არის, სასამართლო დავა ჯერ არ დასრულებულა. მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, ხოლო მოპასუხეს - კაზინო "აჭარა", - განაცხადა ზაალ ფირცხალაიშვილმა.

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე კაზინო "აჭარის" მოძრავი ქონება დაყადაღდეს.

კერძოდ, აღსრულების ბიუროს მიერ ამ ეტაპზე დაყადაღებულია კაზინო "აჭარის" 500-ზე მეტი სახის მოძრავი ქონება.

"სასამართლო დავის დასრულებამდე მესაკუთრეს აღნიშნული ქონების გასხვისება აეკრძალა", - განაცხადა ზაალ ფირცხალაიშვილმა.