არის თუ არა ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციაში? ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამ საკითხზე მორიგი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მედიასთან გააკეთა.
პრეზიდენტის ამ განცხადების ფონზე „საქსტატი“ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეკონომიკაში გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე საუბრობს. სამსახურის ხელმძღვანელი „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, რომ იანვარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებლებია. ზაზა ჭელიძის განმარტებით, იანვარში ეკონომიკის ზრდა 2,3% იყო, ხოლო დეკემბერში ეკონომიკის შემცირება დაფიქსირდა. ჭელიძის თქმითვე, ზოგადად იანვარი ყველა სხვა თვესთან შედარებით პასიურია, ხოლო დეკემბერში მეტი აქტიურობა უნდა იყოს და აქედან გამომდინარე „საქსტატის“ ხელმძღვანელი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობს.
მისივე თქმით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია, ექსპორტში მატება 25%–ია, ხოლო იმპორტი 6%–ით არის შემცირებული. ამასთან, ჭელიძის განცხადებით, ერთი თვის მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება რთულია და ანალიზისთვის რამდენიმე თვის მაჩვენებლებია საჭირო.
ექსპერტთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ეკონომიკაში არსებული სიგნალები პოზიტიური დასკვნების გაკეთების საშუალებას უკვე იძლევა. ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია რადიო „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პირველად 12 წლის განმავლობაში საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჯგერენაიას თქმით, ექსპორტის ზრდა 2010 წელთან შედარებით 80%–ია, ხოლო ექსპორტის კალათაში ფეროშენოდნობი პროდუქტები ლიდერობს, რაც წარმოების განვითარებაზე მიუთითებს. ექსპერტი კვარტალურ მაჩვენებლებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა, ამბობს, რომ დღეისთვის სურათი პოზიტიურია.