ყაზახურმა კომპანიამ საქართველოში ბიუროკრატიული ბარიერების მიზეზით შესაძლოა, რამდენიმე მილიონიან ინვესტიციაზე უარი თქვას. საუბარია ქართულ-ყაზახურ კომპანია „აქსაიზე“. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათ დასავლეთ საქართველოში ნავთობის მოპოვების ლიცენზია აქვთ და სამუშაოებში 5 მილიონის ინვესტიცია უკვე ჩადებულია.
2012 წლის მარტში სახელმწიფოს მხრიდან პრობლემები შეექმნათ, ამ მიზეზით სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია. „აქსაის“ წარმომადგენლის განმარტებით, „ნავთობის და გაზის კორპორაციამ“ პროექტის შეცვლა მოითხოვა, რასაც დრო დასჭირდა, ბიუროკრატიული ბარიერების გამო ახალი კონტრაქტის მომზადებამ დრო მოითხოვა, რის გამოც კომპანია საინვესტიცოო ვადებში ვერ ჩაეტია.
„აქსაის“ წარმომადგენლის განცხადებით, საკითხის მოგვარებისთვის არაერთხელ მიმართეს ენერგეტიკის სამინისტროს და პრემიერის აპარატს. თუმცა, პასუხი არ მიუღიათ. დღეს კომპანია საქართველო–ყაზახეთის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების იმედზეა. წინააღმდეგ შემთხვევაში „აქსაი“ საქართველოს მთავრობას შეთანხმების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლებს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ „აქსაის“ საკითხს იცნობს. ილია ელოშვილის თქმით, კომპანიას ერთხელ უკვე გადაუვადდა საინვესტიციო ვალდებულება, თუმცა, მან ვადაში ჩატევა მაინც ვერ მოახერხა. ელოშვილის განცხადებით, უცნობია რამდენად ლმობიერი იქნება მთავრობა მეორეჯერ და საკითხი შესაბამისი კომისიის სხდომაზე გადაწყდება.