დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში იმყოფებოდა.
როგორც "ინტეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მინისტრი იმ 36 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც რუსთავის #2, #11 და #16 სკოლებში სწავლობენ და რომელთაც დღეიდან უკვე სასკოლო მიკროავტობუსი მოემსახურება.
მინისტრმა #11 სკოლამდე გამარჯვებიდან ბავშვებთან ერთად სასკოლო მიკროავტობუსით იმგზავრა. მისი თქმით, სოფელ გამარჯვებიდან სკოლა 10 კილომეტრით არის დაშორებული და უამინდობის გამო, ბავშვებს სკოლის გაცდენა ხშირად უწევდათ. ხშირ შემთხვევაში კი, ისინი მისვლას მხოლოდ მეორე და მესამე გაკვეთილზე ახერხებდნენ. მარგველაშვილის განცხადებით, ბავშვებს მგზავრობა ყოველდღიურად ლარი უჯდებოდათ, დღეიდან კი, ეს პრობლემა გადაიჭრა,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 2013 წლის იანვრიდან ახალი პროექტი "სკოლების ხელმისაწვდომობა" ამოქმედდა. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეიდან სოფელ გამარჯვების მოსწავლეებს სასკოლო მიკროავტობუსი მოემსახურება. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომელთაც სკოლამდე ფეხით დიდი მანძილის გავლა უწევდათ. პირველ ე ტაპზე საქართველოს მასშტაბით უფასო ავტობუსი 190 სკოლას დაენიშნა, 6 მარტიდან კი პროექტში დამატებით 140 სკოლა ჩაერთო. 330 საჯარო სკოლის 16 ათასი მოსწავლე უკვე დღეისთვის უფასო ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2 მლნ 600 ათასი ლარი გამოყო.