აუქციონზე გატანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილების გაყიდვის ვადა დღეს, 12:00 საათზე იწურება. ამ დრომდე აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია და ავტომობილის შეძენის სურვილი არავის გამოუთქვამს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, იმ შემთხვევაში თუ ავტომობილებს დღეს 12:00 საათამდე არავინ შეიძენს, ხელახალი აუქციონი გამოცხადდება, თუმცა შეიცვლება თუ არა ფასები, ჯერ უცნობია.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული 50-მდე ძვირადღირებული ავტომობილი აუქციონზე ორი კვირის წინ გაიტანა. ავტომობილების ფასები 18 000 – 55 000 დოლარის ფარგლებშია.
ამასთან, რამდენიმე მოქალაქემ აუქციონზე გატანილ მანქანებში საკუთარი ავტომობილი ამოიცნო. მათი თქმით, მანქანები ძველი ხელისუფლების დროს უკანონოდ გადააფორმებინეს. ისინი ავტომობილების დაბრუნებას ითხოვენ.