საქართველოს შს სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ოლეგ მელნიკოვმა უკრაინას თავშესაფარი სთხოვა . ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მელნიკოვი უკრაინაშია და ველით შიდა სამართლებრივი პროცედურების გავლას. როგორც ვიცით, მან შეიტანა განცხადება თავშესაფრის მოთხოვნით და, ვიდრე ეს პროცედურები არ დასრულდება, ექსტრადიციის გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული",-განაცხადა კბილაშვილმა.
რაც შეეხება სხვა გახმაურებულ საქმეებს, როგორც კბილაშვილი ამბობს, სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროკურატურის პოზიციას საზოგადოებას მალე გააცნობს.
"როცა გგონია, რომ საკითხი ამოწურულია, გამოძიება ყოველთვის ავლენს ისეთ ასპექტებს, რომლებიც გადახედვას და გამოძიებას საჭიროებს",-აღნიშნა კბილაშვილმა.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე კი, მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ საქმეში, რომელიც თითქმის დასრულებული იყო, ბოლო მომენტში ახალი ვიდეომასალის გამოჩენამ დამატებითი საგამოძიებო ქმედებები მოითხოვა. პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგს დაელოდება და აქედან გამომდინარე დასრულდება გამოძიება.
კბილაშვილის ინფორმაციით, ასევე სიახლეებია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმეშიც. "ზურაბ ჟვანიას საქმეზე საინტერესო ვერსიები და ეპიზოდები გამოჩნდა. სიახლე აქაცაა, ოღონდ გამოძიების დასრულებამდე მათზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან მიზანშეუწონლად მიმაჩნია",-დასძინა კბილაშვილმა.
შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული გასული წლის 7 დეკემბერს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ქართული მხარე მელნიკოვის სამშობლოში ექსტრადიციას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ მისი ადვოკატის მტკიცებით, საქართველოში ექსტრადიცია თავად მელნიკოვსაც სურს.