პარლამენტში

პარლამენტში "ეროვნული ფორუმის" ფრაქცია იქმნება

პარლამენტში "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელთა ფრაქცია იქმნება. "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი" - ასე ეწოდება ფრაქციას, რომელიც
უმრავლესობის ფარგლებში იმუშავებს და, რომლის რეგისტრაციის საკითხსაც დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

1-ელი ოქტომბრის არჩევნებში "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიციის სიით ზუსტად იმ რაოდენობის სადეპუტატო მანდატი აიღო ("ფორუმიდან" პარლამენტში ექვსი დეპუტატი გავიდა), რომ უმრავლესობის შემადგენლობაში საკუთარი ფრაქციის შექმნა თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა გუბაზ სანიკიძემ და მისმა თანაპარტიელებმა ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. სავარაუდოდ, მათი ეს გადაწყვეტილება "ეროვნული ფორუმის" პოლიტიკურ გაერთიანება "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან" გაერთიანების გეგმებიდან გამომდინარეობდა, რაც საბოლოოდ არ განხორციელდა.

უმრავლესობა პარლამენტში ამჟამად ოთხი ფრაქციით: - "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები", "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები", "ქართული ოცნება – კონსერვატორები" არიან წარმოდგენილი. რიგით მეხუთე იქნება ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი".