პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 2004 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზარდა. ივანიშვილმა აღნიშნულ ცვლილებას დიქტატორული უწოდა და განაცხადა, რომ საზოგადოების ნაწილი ამ ცვლილების მნიშვნელობას მაშინ ვერც კი მიხვდა.
„საზოგადოების უმწიფრობაზე როდესაც ვსაუბრობ, ყველაზე უმწიფარი მე გახლავართ და კიდევ ერთი - დაახლოებით ერთი კვირის წინ მე ვესწრებოდი კონფერენციას სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სადაც მცირე პოლემიკა მქონდა უმცირესობის წარმომადგენელთან გიორგი ვაშაძესთან. როდესაც ვკითხე, ამ კანონის შესახებ დამოკიდებულებაზე, მან მითხრა, იცით თუ არა, რომ თქვენი უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ მხარი დაუჭირა ამას 2004 წელსო. ამის შემდეგ ჩვენ ვეღარ გავაგრძელეთ საუბარი. მე არ ვიცოდი, მაშინ გავიგე. ვაშაძემ ისიც შემახსენა, რომ სამი წელიწადია, სულ აქ ვარ და მე არ მაქვს ამისთვის ხმა მიცემულიო. მე ჩემს პოზიციას შევახსენებ საზოგადოებას, საგანელიძემ თუ 2004 წელს მხოლოდ ხმა მისცა პარლამენტში, მე დარჩენილი ორწელიწადნახევარი, უფრო სწორად, ორი წელიწადი და შვიდი თუ რვა თვე, იმ პარლამენტის წევრებს ხელფასს ვუხდიდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ეს კონკრეტული ფონდის მეშვეობით ხდებოდა და მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ კარგად იცოდა.
„იმ პარლამენტს და ყველა პარლამენტარს, რომელმაც ეს კანონმდებლობა შეცვლა, ხელფასს ვუხდიდი და ვაფინანსებდი, მთავრობასაც, ამდენად ეს იყო უმწიფრობაც“, - განაცხადა პრემიერმა.