მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უკან არ დაიხიოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა .
მისივე თქმით, სააკაშვილი გუშინდელ შეხვედრაზე ცდილობდა იგი დაერწმუნებინა, რომ მთავრობის გადაყენების უფლებას არ გამოიყენებს.
"მას ჰქონდა ამის მცდელობა, თუმცა მის მცდელობას მე ღრმად არ შევყევი. სააკაშვილი არ არის ილია ჭავჭავაძე, საუბედუროდ. არ აქვს ასეთი ნდობა საზოგადოების და ასეც რომ იყოს, არავისთვის არ უნდა იწერებოდეს კანონი. კანონი უნდა იყოს ყველასთვის. რაც შეეხება ამ მუხლს, სააკაშვილს აქვს უფლება დაითხოვოს მთავრობა, რაც არის სრულიად უპრეცედენტო და დანიშნოს ისე, რომ არ შეეკითხოს პარლამენტს. ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში აქვს პრეზიდენტს ასეთი უფლება. რა თქმა უნდა, ცრუობდა. ამ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი პახუხს არ იძლევა და ცდილობს, რომ უკან არ დაიხიოს. ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ უკან დავიხიე და წავაგეო", - განაცხადა ივანიშვილმა.