შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნის ცერემონიას დაესწრება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნის ცერემონია შსს-ს აკადემიაში გაიმართება და მას შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ხუციშვილი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) დაფინანსებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ინტერაქტიული დაფა, კომპიუტერული ოთახი, ვიდეოკონტროლის აპარატურა, პროექტორი, თითის ანაბეჭდების სკანერი, სამგზავრო დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების ოთახი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შემოწმებისთვის საჭირო ტექნიკა.
შსს-ს აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნის მიზანია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების პირადი შემადგენლობის რეალურ ვითარებასთან მიახლოებულ პირობებში სწავლება. "სწავლების ასეთი ფორმა ხელს შეუწყობს ურთიერთშეთანხმებული მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, საზღვრის ეფექტურ დაცვას და მგზავრთა ნაკადის მაღალხარისხიან მომსახურებას", _ აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნასთან ერთად, დაიწყება აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი, თემაზე - "საზღვრის კონტროლის მართვა", რომელსაც ამერიკელი ექსპერტები წაუძღვებიან. ტრენინგი 15 მარტს დასრულდება და მასში მონაწილეობას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის, სპეციალური ოპერაციების ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მიიღებენ.