საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი თავართქილაძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს გამოეხმაურა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში, ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა გიორგი თავართქილაძის გადადგომა 40 მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, მურმან დუმბაძემ აღნიშნა - "მე გავაკეთებ განცხადებას 100 მილიარდზე, მაგრამ, ამის გამო, თანამდებობას არ დავტოვებ".
როგორც მურმან დუმბაძემ განმარტა, როგორც ჩანს თავართქილაძემ გადაწყვიტა, რომ მას გაუჭირდებოდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. მისივე თქმით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
"ეს არის მისი პირადი მოსაზრება. რამდენადაც მე ვნახე მისი განცხადება, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რთული სამუშაოა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ინვესტიციები, ძველი ხელისუფლების გაკეთებული საქმეები, მოკლედ რთულია, 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ ამ თანამდებობაზე მას გაუჭირდებოდა მუშაობა. ეს არის მისი გადასაწყვეტი, ჩვენ ამ საქმეში ნაკლებად ვერევით", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.
მისივე თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე განიხილება ალტერნატიული ვარიანტები, თუმცა, კონკრეტულ სახელებს ჯერ არ დაასახელებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი გახდა მის მიერ 6 თებერვალს გაკეთებული განცხადება, სადაც საუბარი იყო აჭარაში 40-მილიარდიანი ინვესტიციის შემოსვლის შესახებ. "ინვესტიციების შემოდინება წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და 10-15 წლიან პერიოდს მოიცავს. მნიშვნელოვანია, შემოთავაზებულ წინადადებებს შორის, მიღებულ იქნას ყველაზე ოპტიმალური, რეგიონის სამომავლო განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს-პროექტები. 40 მილიარდ დოლარამდე თანხის ინვესტირებას სხვადასხვა კომპანიები რეალურად გეგმავენ, თუმცა, კარგად უნდა იყოს შესწავლილი ამ შემოთავაზებათაგან რომელი უფრო მეტ სარგებელს მოუტანს აჭარას", - ამბობდა თავართქილაძემ.