საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართავს და ავიაბილეთების ფასებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი კოდუამ დღეს "პირველი რადიოს” რადიოკლუბში პრესკონფერენცია გამართა.
კოდუა ავიაბილეთების ფასებთან დაკავშირებულ მონოპოლიებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბილეთის მაღალ ფასს არსებული მონოპოლიები განსაზღვრავს. მისი თქმით, ბილეთის ფასში 40% საწვავის, ხოლო 15% აეროპორტის მომსახურების ღირებულებაა ასახული.
"ორივე სექტორი არის მონოპოლიზებული და სერიოზულ გავლენას ახდენს ბილეთების ტარიფების დაფიქსირებაში. ჩვენ მივმართავთ მთავრობას, რომ ეს საკითხი გადაიხედოს", - აღნიშნა კოდუამ.
მისივე თქმით, ავიასაწვავის მომწოდებელი საქართველოში "სოკარია", რომელმაც დაახლოებით ორი წლის წინ აეროპორტის ნავთობბაზა შეიძინა და მხოლოდ მასთან შეუძლიათ ავიაკომპანიებს საწვავის შეძენა. კოდუას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ამ კუთხით მონოპოლიები არ იარსებებს, ავიაბილეთების ფასის შემცირება დაახლოებით 20-30%-ით იქნება შესაძლებელი.