საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ რუსეთი ვიზების გამარტივების შესახებ განცხადებას რეალურ ნაბიჯებსაც მოაყოლებს.
როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე ყოველთვის ამბობდა, რომ სწორედ ჰუმანიტარული საკითხები იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელ, გრეგორი კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში.
ფანჯიკიძის განცხადებით, სწორედ ამ საკითზე შედგა საუბარი პირველ მარტსაც.
"მე ძალიან დადებითად ვაფასებ იმას, რომ გარკვეული სახის სავიზო რეჟიმი გამარტივდება რუსეთის მხრიდან. მოგეხსენებათ, საქართველოს ცალმხრივად აქვს გაუქმებული სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება მათ არ მიაჩნიათ რეალურად. ამას რასაკვირველია დიპლომატიური ახსნა აქვს და გარკვეულწილად იგი ამ ჩარჩოებში რათქმაუნდა ჯდება", - განაცახადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, თუკი რაოდენობრივად გაიზრდება გაცემული ვიზები და გამარტივდება ის სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, სპორტსმენებისთვის და სხვათათვის, ეს ძალიან კარგად იქნება აღქმული ქართული საზოგადოების მხრიდან, რადგანაც, მინისტრის განცხადებით, ძალიან ბევრს უჩნდება პრობლემა რუსეთის ვიზების აღების დროს.