მთავრობა ამნისტიის, არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ პრეზიდენტის საკანონმდებლო პაკეტს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით არის შეტანილი.
მთავრობის დასკვნაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აქვს, მოცემულ შემთხვევაში კი, კანონპროექტების ინიცირების განსაკუთრებულობაზე არანაირი არგუმენტი არ არსებობს.
გარდა ამისა, მთავრობა აცხადებს, რომ პრეზიდენტის საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები კანონის დადგენილი წესით უნდა გადაიგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც წარმოადგენდა ამ ნორმატიული აქტით სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. მთავრობის მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც დაირღვა კანონის მოთხოვნა და კანონპროექტი პარლამენტში წარდგენამდე არ იყო გაგზავნილი ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე იუსტიციის სამინისტროებში, რომელთა კომპეტენციასაც წარმოდგენილი კანონპროექტებით გათვალისწინებული ურთიერთობების რეგულირება განეკუთვნება.
მთავრობა აქცენტს აკეთებს პრეზიდენტის ინიციატივით ბიუჯეტთან მიმართებაში მოსალოდნელ ცვლილებებზეც და აცხადებს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მცირდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, თუმცა აღნიშნული 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ასახული არ არის.
"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სადაც მითითებულია, რომ კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების შესრულებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ. საქართველოს მთავრობა წარმოდგენილი კანონპროექტების მიღებას არ ეთანხმება", - ნათქვამია მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.
ფინანსურ-სამეწარმეო და ეკონომიკურ დანაშაულებზე პრეზიდენტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები დღეს კომიტეტებში განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენს. მასზე დღეს მსჯელობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი.